ტერმინოლოგია

 

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ბეჭდვასთან დაკავშირებით გამოყენებულ ზოგიერთი  ტერმინის განმარტებას, რაც დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმოთ თქვენი მომავალი პროექტი.



კლიშე – ლითონის რელიეფური ფირფიტა, რომელიც გამოიყენება რელიეფური გამოსახულების მისაღებად. 

 

ლაკირება  – პოლიგრაფიული მასალის ბეჭდვისშემდგომი დამუშავების პროცესი, რომლის დროსაც ხდება პოლიგრაფიული ლაკის დატანა დაბეჭდილ პროდუქტზე ან მის ნაწილზე.

 

ლამინირება – პოლიგრაფიული მასალის ბეჭდვისშემდგომი დამუშავების პროცესი, რომლის დროსაც ხდება სპეციალური ფირის (პრიალა ან მქრქალი) გადაკვრა დაბეჭდილ პროდუქტზე.


მაკეტირება – გრაფიკულად გამოხატული ელემენტების ფორმატზე კომპოზიციურად განთავსების პროცესი. საბოლოო შედეგია მაკეტის მიღება.   


მუარი – დეფექტი, დამატებითი ნახატი რასტრულ გამოსახულებაზე, რომელიც ჩნდება კვადრატების ან ტალღოვანი ხაზების სახით. წარმოადგენს პოლიგრაფიულ წუნს.


ნახევარტონი  – რეპროგრაფული (ფოტოგრაფია, ქსეროგრაფია) ტექნიკა, რომელიც ახდენს ტონის უწყვეტი გამოსახულების მოდელირებას ზომით, ფორმით ან ინტერვალით განსხვავებული წერტილების საშუალებით.

 

ოფსეტური ბეჭდვა   –  (ინგლ. offset–გადატანა) ბეჭდვის ტექნოლოგია, რომლის დროსაც ხდება საღებავის გადატანა საბეჭდი ფორმიდან ქაღალდზე შუალედური ოფსეტური ცილინდრის საშუალებით.


პანტონი – ფერების შერჩევის სტანდარტიზებული სისტემა, რომელიც შემუშავებული იქნა ამერიკული კომპანიის  “Pantone Ink” –ის მიერ. ეტალონად მიღებული დანომრილი ფერები დაბეჭდილია წიგნში, რომელიც მარაოსებურად იშლება.

 

პოლიგრაფია – ტექნიკის სფერო, ტექნიკური საშუალებების და ტექნოლოგიური ხერხების ერთობლიობა,რომელიც გამოიყენება ორიგინალიდან დიდი რაოდენობის ასლების მისაღებად.


რასტრი – გამოსახულება, რომელიც შედგება პერიოდულად ან ქაოსურად განმეორებადი სხვადასხვა ზომის წერტილებისგან.

 

რასტრირება – ნახევარტონური ან შტრიხული გამოსახულების გარდაქმნა მიკროშტრიხულ გამოსახულებად რასტრის საშუალებით.

 

რელიეფური ბეჭდვა – პოლიგრაფიული პროდუქტის ნაწილობრივი ამობურცვა სპეციალური დანადგარის საშუალებით რელიეფური გამოსახულების მისაღებად.

 

რელიეფური ბეჭდვა ფერადი ფოლგით – ფოლგის ქაღალდზე  მიერთების პროცესი სპეციალური დანადგარის საშუალებით.

 

რიზოგრაფი  – ტრაფარეტული ბეჭდვის დანადგარი, რომელშიც გამოიყენება დანადგარშივე დამზადებული ტრაფარეტული საბეჭდი ფორმა.

 

საბეჭდი ფორმა – ტექსტური  და გამოსახულებითი ინფორმაციის მტარებელი, რომელიც გამოიყენება მრავალჯერადი ანაბეჭდის მისაღებად

 

სრულფერიანი ბეჭდვა  – ბეჭდვა მინიმუმ ოთხი ფერის საღებავის  (CMYK) გამოენებით.

 

ტირაჟი – ერთი და იმავე პროდუქციის ეგზემპლარების საერთო რაოდენობა.

 

ტრაფარეტული ბეჭდვა  – იგივე „შოლკოგრაფია“ –  ბეჭდვის ტიპი, რომლის დროსაც გამოიყენება სპეციალური (ნეილონის ან ლითონის) ბადე.  შესაბამისი საღებავების გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე  (ქაღალდი, ქსოვილი, მინა, კერამიკა და სხვა) ბეჭდვა.   

 


ფერადოვნება  – პროდუქციის დასაბეჭდად გამოყენებული ფერების რაოდენობა.  აღინიშნება ციფრებით: 4+4,  4+0, 1+1 და ა.შ. პირველი ციფრით აღინიშნება საღებავის რაოდენობა წინა მხარეს, მეორე ციფრით კი– საღებავის რაოდენობა უკანა მხარეს.

 

ფერდაშლა – ფერადი გამოსახულების 4 ძირითად ფერად CMYK (სრულფერიანი ბეჭდვის შემთხვევაში)  დაყოფის პროცესი.

 

ფერების CMYK მოდელი –  (CMYK: Cyan (ცისფერი), Magenta (მეწამული), Yellow (ყვითელი), Key color (შავი)) – ოთხი ძირითადი ფერისგან შემდგარი ფერის ფორმირების  სქემა, რომელიც გამოიყენება პოლიგრაფიაში.

 

ჩასხმა  – ერთ ფერში დაბეჭდილი დიდი ფართობის ზედაპირი.

 

ციფრული ბეჭდვა– ოპერატიული ბეჭდვის ერთ-ერთი ხერხი, რომლის დროსაც  ბეჭდვა ხორციელდება უშუალოდ კომპიუტერიდან.